თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ ირანში სამხედრო ოპერაციის მიზნებს, სავარაუდოდ, 4-6 კვირაში მიაღწევს
თეთრი სახლის პრესმდივნის ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, შეერთებული შტატები ირანში სამხედრო ოპერაციის მიზნებს, სავარაუდოდ, 4-6 კვირაში მიაღწევს.
„სულ რაღაც ექვსი დღის შემდეგ, ირანის მხრიდან საპასუხო ბალისტიკური სარაკეტო დარტყმები 90 პროცენტით შემცირდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო ექვსი დღის განმავლობაში „ჰეზბოლა“ და ჰუსიტები თითქმის ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ წევენ. რაც შეეხება ირანის მომავალს... ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში შედის, რომ ირანს აღარ მართავდეს რადიკალური ტერორისტული რეჟიმი“, - აცხადებს ლევიტი.
ინფორმაციისთვის, მანამდე კი, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა „სიენენთან“ ინტერვიუში თქვა, რომ არ ღელავს იმაზე, გახდება თუ არა ირანი დემოკრატიული სახელმწიფო.
ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ ირანში რელიგიური ლიდერის არსებობის წინააღმდეგი არ არის, მთავარია, ახალ ხელმძღვანელობას შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს.