Loading data...
ტერორისტული თავდასხმის მცდელობის შემდეგ აშშ-მა დიდი ბრიტანეთის საჰაერო ბაზიდან ყველა ბომბდამშენი გაიყვანა

აშშ-ის საჰაერო ძალებმა ბრიტანული ავიაბაზა „ფეირფორდიდან“, სადაც სექტემბრის ბოლოს ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო, ყველა ბომბდამშენი გაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. 

პენტაგონის წარმომადგენელმა დაადასტურა აშშ-ის საჰაერო ძალების ბომბდამშენების, კერძოდ, B-1, B-2 და B-52 მოდელების გაყვანა.

„აშშ-ის საჰაერო ძალების ბომბდამშენები რეგულარულად ახორციელებენ ფრენებს მთელ მსოფლიოში, რათა უზრუნველყონ გლობალური საბრძოლო მზადყოფნა და შეასრულონ ოპერატიული მისიები“, - განაცხადა მან.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპერატიული უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვეძლო ჩვენი რესურსებისა და ძალების გადაადგილების რეალურ დროში დადასტურება, ახლა შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ სამეფო საჰაერო ძალების „ფეირფორდის“ ბაზაზე განლაგებული ყველა ამერიკული ბომბდამშენი შეერთებულ შტატებში თავის ბაზებზე დაბრუნდა“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ამერიკული ბომბდამშენების, კერძოდ, B-1, B-2 და B-52 თვითმფრინავების პილოტები მზადყოფნაში რჩებიან, განახორციელონ ზუსტი დარტყმები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნებისმიერ დროს, მათ შორის აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან აფრენისა და უკან დაბრუნების ოპერაციების ფარგლებში.

პენტაგონის ორმა წყარომ NBC News-ს განუცხადა, რომ დაჩქარებული წესით გაყვანილ სულ მცირე 12 ბომბდამშენს შორის იყო რამდენიმე თვითმფრინავი, რომლებიც ბაზაზე როტაციის ფარგლებში ახლახან ჩაფრინდა.