Loading data...
ტენესის შტატში ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანაში მომხდარ კატასტროფას გადარჩენილები არ ჰყავს - BBC

ტენესის შტატში ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანაში მომხდარი კატასტროფის შემდეგ, გადარჩენილები ვერ იპოვეს. ამ წუთებისთვის, დაღუპულად ითვლება თექვსმეტი პირი. ინფორმაციაზე BBC წერს. 

სამაშველო ჯგუფები იმედოვნებდნენ, რომ დაკარგულთაგან რომელიმეს ცოცხალს იპოვიდნენ, თუმცა ჰამფრის ოლქის შერიფის თქმით, „უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი გარდაცვლილები არიან“.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რამ გამოიწვია საბრძოლო მასალების ქარხანაში აფეთქება. ვიდეოჩანაწერში ჩანს ხანძარი, დამწვარი მანქანები და კვამლი, რომელიც დანგრეული შენობიდან ამოდის. ოფიციალური პირების თქმით, ნანგრევები იმ ადგილის გარშემო იყო მიმოფანტული, სადაც ოდესღაც შენობა იდგა.

ქარხნის მმართველმა კომპანიამ „Accurate Energetic Systems“-მა (AES) საკუთარი საქმიანობა შეაჩერა. სამაშველო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მისია აღდგენის ოპერაციაზე გუშინ, 11 ოქტომბრის დილას გადავიდა.

ადგილზე, ასევე, იმყოფება FBI და სწრაფ დნმ-ის ტესტებს მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და ოჯახების ინფორმირების მიზნით ატარებს.