თეირანი უარყოფს ვაშინგტონის ბრალდებებს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოებაზე
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ, კატეგორიულად უარყო აშშ-ის ბრალდებები იმის შესახებ, რომ თეირანი ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღს ქმნის.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, ირანული ბირთვული საფრთხის შესახებ ხანგრძლივი ნარატივის შემდეგ ამერიკელი ოფიციალური პირები ახლა აცხადებენ, თითქოს არსებობს „ნიშნები“ იმისა, რომ ირანი ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის შექმნას ცდილობს.
„ბრალდებების შინაარსი იცვლება, თუმცა მიზანი უცვლელი რჩება. როგორც ჩანს, მსოფლიო კვლავ კოლექტიური ამნეზიის შეტევით იტანჯება“, - აღნიშნა ბაგაიმ.
მან გაიხსენა 2003 წელს გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის გახმაურებული გამოსვლა, რომლის დროსაც მან ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის მტკიცებულების სახით პატარა ფლაკონი წარადგინა. ბაგაიმ ხაზი გაუსვა, რომ ეს პრეზენტაცია მას შემდეგ თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაზვერვის ჩავარდნისა და პოლიტიკური მოტყუების სიმბოლოდ იქცა.
მან მსოფლიოს მოუწოდა, არ დაუშვას საზოგადოების ხელახლა შეცდომაში შეყვანა.
„ერაყის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ფლობის შესახებ დაუდასტურებელი სადაზვერვო მონაცემები მიზანმიმართულად იქნა გამოყენებული საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესაქმნელად და სამხედრო შეჭრისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. შედეგები კატასტროფული აღმოჩნდა არა მხოლოდ ერაყელი ხალხისთვის, არამედ მთლიანი რეგიონის და, საბოლოო ჯამში, თავად ამერიკული საზოგადოებისთვისაც“, - განაცხადა ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, აღნიშნული განცხადება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომენტარებს იმის შესახებ, რომ არსებობს გარკვეული ნიშნები თეირანის მიერ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შესაძლო შექმნის თაობაზე. დასავლური მედიის ცნობით, აღნიშნული შეფასებები ისრაელის დაზვერვის („მოსადის“) მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.