ტაივანში კვამლის ხელყუმბარებითა და დანით შეიარაღებულმა კაცმა სამი ადამიანი მოკლა
ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში დანით შეიარაღებულმა კაცმა სულ მცირე სამი ადამიანი მოკლა, ცხრა კი დაჭრა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტაივანის პრემიერ-მინისტრ ჩო ჯუნგ-ტაის თქმით, 27 წლის ეჭვმიტანილმა ტაიბეის მთავარ მეტროსადგურში კვამლის ხელყუმბარები და მოლოტოვის კოქტეილები ააფეთქა, შემდეგ კი ხალხმრავალ მიწისქვეშა სავაჭრო ცენტრში გაიქცა და გზად ხალხი დანით დაჭრა.
ოფიციალური პირების განცხადებით, ეჭვმიტანილი ტაივანელი ჩანგ უენია. იგი თავდასხმის შემდეგ, პოლიციისგან გაქცევის დროს მრავალსართულიანი შენობიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილს წარსულში დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და მას ხელისუფლება ეძებდა.
ტაივანის პრემიერ-მინისტრმა მეტროსადგურებსა და რკინიგზის სადგურებში, ასევე, აეროპორტებში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება ბრძანა.
„ჩვენ გამოვიძიებთ [ეჭვმიტანილის] წარსულს და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რათა გავიგოთ მისი მოტივები და დავადგინოთ, არსებობს თუ არა სხვა დაკავშირებული ფაქტორები“, - განაცხადა ტაივანის პრემიერ-მინისტრმა.