Loading data...
ტაილანდმა და კამბოჯამ ტრამპის შუამავლობით გაფართოებულ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მალაიზიაში ჩავიდა, რათა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტში მიიღოს მონაწილეობა. სამიტის ფარგლებში ტრამპი ტაილანდსა და კამბოჯას შორის გაფართოებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას დაესწრო.

ამ სამიტზე ტრამპის დღის წესრიგში პირველი საკითხი კამბოჯასა და ტაილანდს შორის შეთანხმების ხელმოწერაში მონაწილეობა იყო, მას შემდეგ, რაც მან ივლისში ქვეყნებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში შუამავლის როლი შეასრულა, რამაც საზღვარზე ხუთდღიანი სისხლიანი კონფლიქტი დაასრულა, წერს Bloomberg-ი.

ახალი შეთანხმება ეფუძნება სამი თვის წინ ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის პირობებს, მას შემდეგ, რაც ტრამპმა ორივე ქვეყნის მაშინდელ ლიდერებს პირადად დაურეკა და მოუწოდა მათ, შეეწყვიტათ საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონი სავაჭრო მოლაპარაკებებს შეაჩერებდა. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა ხუთდღიანი სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების გაცვლაში, რის შედეგადაც, სულ მცირე 48 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 300 000 ადამიანი იძულებით გადაადგილდა.

ტაილანდის პრემიერ-მინისტრი ანუტინ ჩარნვირაკული დედა დედოფალ სირიკიტის გარდაცვალების გამო ცერემონიის გამოტოვებას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ ხელმოწერისთვის მალაიზიაში ჩაფრინდა.

თავად ტრამპმა განაცხადა: „მსიამოვნებს [ომების დასრულება]. ამას ჰობს ვერ დავარქმევ, რადგან ეს ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე უბრალოდ ჰობი, მაგრამ ეს ის არის, რაც კარგად გამომდის და რისი გაკეთებაც მიყვარს“.