სუროგაციასთან დაკავშირებული სკანდალი გერმანიის ბუნდესტაგში - კონსერვატიული ბლოკის ლიდერი თანამდებობიდან გადადგა
გერმანიის ბუნდესტაგში მმართველი კონსერვატიული ბლოკის საპარლამენტო ლიდერი იენს შპანი თანამდებობიდან გადადგა. როგორც Deutsche Welle წერს, ამის მიზეზი სუროგაციის გზით შვილის ყოლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული სკანდალი გახდა.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, მისი გადადგომა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მოითხოვა. თავად შპანს არ განუცხადებია, რომ ბუნდესტაგის წევრის მანდატსაც ტოვებს.
მერცის განცხადებით, ახლა ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერ მარკუს ზოდერთან ერთად, ბუნდესტაგში კონსერვატიული ბლოკის ახალი საპარლამენტო ლიდერის კანდიდატურაზე იმუშავებს.
როგორც მედია წერს, „გასულ კვირას იენს შპანმა და მისმა მეუღლემ დანიელ ფუნკემ სოციალურ ქსელში საბავშვო ეტლთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს და განაცხადეს, რომ მშობლები გახდნენ“.
განცხადებას გერმანიის პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. შპანს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებდნენ, რადგან ის იმ პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც გერმანიაში სუროგაციის აკრძალვის შენარჩუნებას მხარს უჭერს.
შპანი წარსულში აცხადებდა, რომ „როგორც ქრისტიანსა და გეი მამაკაცს, „საშვილოსნოს დაქირავების“ იდეის მიღება უჭირდა“. მან, ასევე, პარტიულ ხაზს დაუჭირა მხარი და გერმანიაში სუროგაციის აკრძალვის სასარგებლოდ მისცა ხმა.
გერმანიის კანონმდებლობით, შპანს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, რადგან საზღვარგარეთ სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა გერმანიაში უკანონოდ არ ითვლება.