Loading data...
სულ უფრო მეტი გერმანელი სამხედრო სამსახურზე უარს აცხადებს - გერმანული მედია

გერმანიაში სულ უფრო მეტი ადამიანი სამხედრო სამსახურზე უარს აცხადებს და მიზეზად საკუთარ მსოფლმხედველობას ასახელებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

საკუთარი შეხედულებების გამო ჯარში სამსახურზე უარის თქმა გერმანული კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. 2025 წლის პირველ სამ თვეში შესაბამისი განაცხადი 2656-მა ადამიანმა შეიტანა. ეს მეტია, ვიდრე მთელი 2024 წლის განმავლობაში, როდესაც ჯარში სამსახურზე 2249 ადამიანმა განაცხადა უარი.

თუ ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება, წლის ბოლომდე სამხედრო სამსახურზე უარის განცხადებას 10 ათასზე მეტი ადამიანი შეიტანს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გერმანიაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შემდეგ, რაც 2011 წელს მოხდა.

გერმანიაში ამჟამად სამხედრო სამსახურში გაწვევა ნებაყოფლობითი პრინციპით ხდება. ამასთანავე, შენარჩუნებულია საკუთარი შეხედულებების გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლება, რაც კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში წერია.

თუ გერმანიაში ბუნდესვერის გაზრდის მიზნები მიღწეული არ იქნება, მაშინ შეიძლება შემოღებული იყოს „აუცილებლობის მიხედვით გაწვევის“ პრინციპი. ამ შემთხვევაში ახალგაზრდებს ჯარში წილისყრით ან რაიმე სხვა მექანიზმით გაიწვევენ. ამისთვის პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.