Loading data...
სტოლტენბერგი: მერკელი განაწყენებული იყო, რომ ამერიკელი დავნიშნე ჩემს მოადგილედ

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თავის მემუარებში იხსენებ, თუ როგორ განაწყენდა გერმანიის მაშინდელი კანცლერი ანგელა მერკელი მისი გადაწყვეტილებით, არ დაენიშნა გერმანელი კანდიდატი თავის მოადგილედ.

სტოლტენბერგი იხსენებს, თუ როგორ მოუწია 2016 წლის ზაფხულში გადაეწყვიტა, თუ ვინ გახდებოდა მისი მოადგილე ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ალექსანდრ ვერშბოუს გადადგომის შემდეგ.

როგორც სტოლტენბერგი წერს, გერმანულმა მხარემ წარადგინა მარტინ ერდმანის, დიპლომატისა და გერმანიის ელჩის ნატოში კანდიდატურა. შეერთებულმა შტატებმა წარადგინა როუზ გოტემიოლერი, ასევე, დიპლომატი და განიარაღების ექსპერტი.

„ორივე კანდიდატთან საფუძვლიანი ინტერვიუები ჩავატარე. ეჭვგარეშეა, რომ ორივე მაღალკვალიფიციური იყო, მაგრამ გოტემიოლერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საკვანძო თანამდებობა ეკავა, რუსეთის საკითხებში ექსპერტი იყო და შეიარაღების კონტროლის შესახებ ფართო ცოდნა ჰქონდა. მჯეროდა, რომ ის მომავალში რუსებთან დიალოგის გასაძლიერებლად დაგვჭირდებოდა“, - წერს სტოლტენბერგი.

მან თქვა, რომ გოტემიოლერის დანიშვნის გამოცხადებიდან მალევე, ის ევროკავშირის სამიტზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მერკელმა მას მიმართა.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ შენით, იენს. შენ მხოლოდ ამერიკელების ინტერესები გაითვალისწინე. ჩვენ არ შეგვიძლია აშშ-ს მივცეთ ნატოში ყველაფრის გადაწყვეტის უფლება“, - ციტირებს ის გერმანიის მაშინდელი კანცლერის სიტყვებს.

ამავდროულად, სტოლტენბერგი წერს, რომ ცოტა მოგვიანებით, 2016 წელს ვარშავაში ალიანსის სამიტზე, მერკელმა ნათლად განაცხადა, რომ მისი აღშფოთება წარსულს ჩაბარდა.

„უნდა იცოდე, იენს, რომ წყენას არ ვიტოვებ. ჩემთვის ეს საკითხი წარსულს ჩაბარდა. დასასრული!“ - ნათქვამია მემუარებში.