სტარმერმა განაცხადა, რომ ტრამპის პოზიციის შეცვლის შემდეგ უკრაინა „უკეთეს მდგომარეობაშია“
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მიიჩნევს, რომ უკრაინის პერსპექტივები უმჯობესდება მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსულ ნავთობზე სანქციები დააწესა.
როგორც მან აღნიშნა, ეს იმის ნიშანია, რომ კიევის მოკავშირეები ფრთხილი ოპტიმიზმით არიან განწყობილნი, რომ აშშ-ის პოზიციის გაძლიერებამ შესაძლოა, კრემლის ომის წარმოების უნარი შეარყიოს.
„ჩვენ უკეთეს სიტუაციაში ვართ. გასულ კვირას მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენები იყო“, - განაცხადა სტარმერმა Bloomberg-თან ინტერვიუში.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მიუთითებს იმაზე, რომ ევროპელი ლიდერების მიერ თვეების განმავლობაში განხორციელებული დიპლომატიური ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავდა ტრამპის დარწმუნებას, რომ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს, საბოლოოდ შედეგს იძლევა.
„უდიდეს მიღწევად დავასახელებდი იმას, რაც ჩვენ გავაკეთეთ სანქციების თვალსაზრისით. ჩვენ სანქციები დავუწესეთ ყველა მსხვილ ნავთობკომპანიას, შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა სანქციები დაუწესა ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას და ევროკავშირმა წარმოადგინა ზომების უახლესი პაკეტი - ყველაფერი ეს რამდენიმე დღეში მოხდა. ამან ღრმა გავლენა მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ევროპულ ქვეყნებს აშკარად ესმით რისკი, რომ ტრამპმა, შესაძლოა, კვლავ შეცვალოს თავისი პოზიცია, თუმცა არსებობს იმედი, რომ აშშ-ის ახალი სანქციები გარდამტეხი მომენტი იქნება.
სტარმერმა განაცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა ჩინეთზე ზეწოლის შესახებ, რათა შეეწყვიტა რუსული ნავთობის შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „გასულ კვირას გაოცებული იყო იმ ფაქტით, რომ ინდოეთმა და ჩინეთმაც შეამცირეს დამოკიდებულება“ რუსეთზე, მისი გზავნილი პეკინისადმი ასეთია: „ყველამ უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა“.
სტარმერმა განაცხადა, რომ მან ტრამპთან უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების საკითხი განიხილა. მან ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, დააჩქარონ რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და თქვა, რომ სანქციებთან ერთად, ამან შეიძლება პუტინს აჩვენოს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის ეკონომიკის ომის წარმოების შესაძლებლობას გადააჭარბებს.
მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა და სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ სანქციებზე მუშაობა.