სტარმერის მთავარი თანაშემწე თანამდებობიდან გადადგა, აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილ ელჩთან და ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული სკანდალის გამო
აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩის პიტერ მანდელსონის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო, მორგან მაკსუინი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
რამდენიმე ლეიბორისტმა პარლამენტარმა მაკსუინი პიტერ მანდელსონის აშშ-ში ელჩად დანიშვნაში დაადანაშაულა.
მენდელსონი თანამდებობიდან სექტემბერში გაათავისუფლეს, თუმცა სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმიდან გამოქვეყნებული ახალი დოკუმენტების მიხედვით, მან კაბინეტის მინისტრად მუშაობის დროს ეპშტეინს კონფიდენციალური ინფორმაცია გაუზიარა და ეს საკითხი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა.
„პიტერ მანდელსონის დანიშვნის გადაწყვეტილება არასწორი იყო. მან ზიანი მიაყენა ჩვენს პარტიას, ჩვენს ქვეყანას და თავად პოლიტიკისადმი ნდობას. როდესაც მთხოვეს, პრემიერ-მინისტრს ვურჩიე მისი დანიშვნა და ამ რჩევაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ“, - განაცხადა მორგან მაკსუინიმ.
„საზოგადოებრივ ცხოვრებაში პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მაშინ, როცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ მაშინ, როცა ყველაზე მოსახერხებელია. ასეთ ვითარებაში ერთადერთი პატიოსანი ვარიანტი გადადგომაა“, - აღნიშნა მან.
თავად სტარმერმა მისი თანაშემწის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მაკსუინისთან მუშაობა მისთვის „პატივი“ იყო.
„მან შეცვალა ჩვენი პარტია ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მარცხის შემდეგ და ცენტრალური როლი ითამაშა ჩვენს საარჩევნო კამპანიაში. სწორედ მისი თავდადების, ერთგულებისა და ლიდერობის წყალობით მოვიგეთ აბსოლუტური უმრავლესობა და მოგვეცა შანსი, შეგვეცვალა ქვეყანა“, - განაცხადა კირ სტარმერმა.