Loading data...
სტარმერი: უკრაინა ჩვენი თავისუფლების ფრონტის ხაზია და ეს უნდა გვახსოვდეს, როდესაც კონფლიქტის დაწყებიდან ოთხი წლისთავს აღვნიშნავთ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსეთი გამარჯვებისგან შორს არის.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჩვენ უნდა უარვყოთ ცრუ ნარატივი, რომ რუსეთი იმარჯვებს“ და დასძინა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 0.8% დაიპყრო „საშინელი დანაკარგების, ნახევარი მილიონი სიცოცხლის ფასად“.

მან აღნიშნა, რომ „ჩვენ ყველას გვსურს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა“ უკრაინაში, თუმცა ვლადიმერ პუტინი ამას ხელს უშლის.

სტარმერმა დასძინა, რომ სწორედ ამიტომ „ჩვენ ყოველთვის უნდა გავაორმაგოთ უკრაინის მხარდაჭერა“ შესაძლებლობებით, რესურსებითა და დამატებითი სანქციებით.

„ეს არ არის შორეული კონფლიქტი, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან შორს ხდება. ის ჩვენ მრავალ დონეზე გვეხება. ეს ეხება ჩვენს ღირებულებებს - თავისუფლებას, დემოკრატიას და ქვეყნის უფლებას, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

სტარმერმა დასძინა, რომ ამ კონფლიქტის დასრულების გზა და დრო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გავლენას მოახდენს გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ ყველა ადამიანზე, რაც სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას გადამწყვეტს ხდის.

„უკრაინა ჩვენი თავისუფლების ფრონტის ხაზია და ეს უნდა გვახსოვდეს, როდესაც კონფლიქტის დაწყებიდან ოთხი წლისთავს აღვნიშნავთ“, - დაასკვნა მან.