სტარმერი ტრამპს ესაუბრა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა აღარ სჭირდება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა, ნათქვამია სტარმერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც The Times of Israel-ი ციტირებს.
„ლიდერებმა საუბარი დაიწყეს ახლო აღმოსავლეთში არსებული უახლესი ვითარებისა და დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის განხილვით, რეგიონში პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის მხარდასაჭერად სამეფო საჰაერო ძალების ბაზების გამოყენებით“, - ნათქვამია სტარმერის ოფისის პრესსპიკერის განცხადებაში.
„პრემიერ-მინისტრმა ასევე გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკელ ხალხს ექვსი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის გამო. ისინი მოუთმენლად ელიან მალე კვლავ საუბარს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპმა ბოლო დღეებში მკაცრად გააკრიტიკა სტარმერი და განაცხადა, რომ ის საკმარისად არ თანამშრომლობს აშშ-ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით.
„გაერთიანებული სამეფო, ჩვენი ოდესღაც დიდი მოკავშირე, შესაძლოა, ყველაზე დიდიც, საბოლოოდ სერიოზულად ფიქრობს ახლო აღმოსავლეთში ორი ავიამზიდის გაგზავნაზე. არა უშავს, პრემიერ-მინისტრო სტარმერ, ისინი აღარ გვჭირდება - მაგრამ ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ. ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში უკვე გამარჯვების შემდეგ ერთვებიან!“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.