სტამბოლში მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა

2025 წლის 23 ივლისს თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრა ჩირაგანის სასახლეში შედგა და ის ერთ საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა.
როგორც რუსული მედია იუწყება, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთი და უკრაინა არა მხოლოდ სამხედრო პერსონალს, არამედ სამოქალაქო პირებსაც გაცვლიან.
„მთავარი შედეგი: არა მხოლოდ სამხედრო პერსონალის, არამედ სამოქალაქო პირების გაცვლაც“, - განუცხადა წყარომ სააგენტო TASS-ს.
როგორც უკრაინული მედია Suspilne წყაროზე დაყრდნობით წერს, მოლაპარაკებების მთავარი თემა ლიდერების დონეზე შეხვედრის მომზადება იყო.
უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, რუსეთის გუნდს კი, წინა შეხვედრების მსგავსად, ხელმძღვანელობდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა დელეგაციების შეხვედრის დასაწყისში წარმოთქმულ შესავალ სიტყვაში განაცხადა, რომ ანკარამ უკრაინაში პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის მონიტორინგში მხარეებს დახმარება შესთავაზა. მისი თქმით, ქვეყანას ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა აქვს.
ფიდანმა ასევე დასძინა, რომ მოლაპარაკებების საბოლოო მიზანი ცეცხლის შეწყვეტაა. ამის შემდეგ ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სტამბოლში 16 მაისს გაიმართა, მეორე - 2 ივნისს.