სტამბოლში დღეს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდია დაგეგმილი

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბოლში დღეს უნდა გაიმართოს. თურქეთში დელეგაციის გაგზავნა გუშინვე დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დელეგაციის ახალი, 14-კაციანი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.
უკვე სტამბოლშია რუსეთის დელეგაცია ვლადიმირ მედინსკის ხელმძღვანელობით. შეხვედრაზე ორივე მხარემ სამშვიდობო შეთანხმების პირობები უნდა წარადგინოს.
მედინსკის განცხადებით, მოსკოვმა უკვე მიიღო უკრაინის მხრიდან მემორანდუმის პროექტი კონფლიქტის დარეგულირების შესახებ და მასზე რეაგირებას ორშაბათს მოახდენენ.
ცნობილია, რომ კიევი სრულყოფილ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, ტყვეების გათავისუფლებას, გატაცებული ბავშვების დაბრუნებას და მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უმაღლეს დონეზე შეხვედრას ითხოვს.
დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე, კვირას, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა, რომლის სამიზნეც რუსეთის სამხედრო ბაზებზე განლაგებული ბომბდამშენები იყო. რუსეთმა კი უკრაინის მიმართულებით 479 დრონი და რაკეტა გაუშვა.