Loading data...
სრულ შვებას ვგრძნობ იმის გამო, რომ საფრანგეთის არჩევნებში უკიდურესმა მემარჯვენეებმა უმრავლესობა ვერ მოიპოვეს - გერმანიის ვიცე-კანცლერი

გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ „სრულ შვებას“ გრძნობს მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში უკიდურესმა მემარჯვენეებმა სრული უმრავლესობა ვერ მოიპოვეს. ამის შესახებ მან შტუტგარტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წერს CNN-ი.

„სრულ შვებას ვგრძნობ იმის გამო, რომ მემარჯვენეებმა ვერ შეძლეს წინსვლა და, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ფორმირება ახლა ძალიან გართულდება, ვფიქრობ, ძალიან კარგია, თუ როგორ იმუშავეს ერთად ცენტრისტულმა, მემარცხენე ცენტრისტულმა პარტიებმა და მემარცხენე სპექტრმა, რათა საფრანგეთისთვის თავიდან აეცილებინათ ნაციონალიზმში გადასვლა, ევროპისთვის კი კიდევ უფრო რთულ წყლებში შესვლა“, - აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა.

მისივე თქმით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგი გამამხნევებელია, თუმცა ის მაინც უზარმაზარ გამოწვევას წარმოადგენს თავად საფრანგეთისთვის, ფრანგულ-გერმანული ურთიერთობებისთვის და, ასევე, ევროპისთვის, რომელიც ევროპული არჩევნების შემდეგ ამჟამად რეორგანიზაციის ფაზაშია. 

„ამ რთულ დროს, იმედი მაქვს, საფრანგეთი სწრაფად დაიბრუნებს თავის პოზიციას, რომელიც ჩვენ გვჭირდება ევროპაში, რადგან საფრანგეთის გარეშე ეს არ იმუშავებს”, - აღნიშნა გერმანიის ვიცე-კანცლერმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი - 182, მემარცხენე პარტიების კოალიცია „ახალმა სახალხო ფრონტმა“ მიიღო. 168 მანდატით მეორე ადგილზე გავიდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია „ერთად“, ხოლო მესამე ადგილზე 143 მანდატით მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანებაა“.