Loading data...
სპარსეთის ყურის ქვეყნები მათ ტერიტორიებზე ირანის სარაკეტო იერიშებს გმობენ და აცხადებენ, რომ რეაგირების უფლებას იტოვებენ

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე ირანული ბალისტიკური რაკეტა წარმატებით ჩამოაგდო.

აბუ-დაბიმ განაცხადა, რომ „იტოვებს სრულ უფლებას, უპასუხოს“ ირანის იერიშებს და თავდასხმებს „სახიფათო ესკალაცია“ უწოდა.

კატარმა ასევე დაგმო ირანის მიერ მის ტერიტორიაზე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული იერიშები. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კატარი ამას თავისი ეროვნული სუვერენიტეტის აშკარა დარღვევად მიიჩნევს და რეაგირების უფლებას იტოვებს.

ქუვეითის შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ „საჰაერო სივრცეში აღმოჩენილი შემომავალი რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს“.

ამასთან, საუდის არაბეთმა მკაცრად დაგმო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, კატარში, ქუვეითსა და იორდანიაში ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები, რაც 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებზე პასუხი იყო. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში სამეფომ სოლიდარობა გამოუცხადა ხუთ ქვეყანას და მათ მიერ საპასუხოდ გასატარებელ ნებისმიერ ზომას მხარდაჭერა აღუთქვა.