Loading data...
სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს, რომ ებრაელი ჯარისკაცი სამხრეთ ლიბანში ღვთისმშობლის ქანდაკებას შეურაცხყოფს

სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ებრაელი ჯარისკაცი ლიბანის სოფელ დებელში ღვთისმშობლის ქანდაკებას შეურაცხყოფს. აღსანიშნავია, რომ ეს სწორედ ის სოფელია, სადაც გასულ თვეს ებრაელმა ჯარისკაცმა მაცხოვრის ქანდაკება დააზიანა. ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს. 

ფოტოზე, რომლის გეოლოკაციაც CNN-მა დაადგინა, ისრაელის არმიის ფორმაში გამოწყობილ ჯარისკაცს ღვთისმშობლის ქანდაკების პირთან ცეცხლწაკიდებული სიგარეტი უჭირავს. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი იკვლევენ ფოტოს და „ინციდენტს უკიდურესი სერიოზულობით უყურებენ“. მათივე თქმით, ფოტო „რამდენიმე კვირის წინ“ არის გადაღებული.

„ინციდენტს გამოიძიებენ და დასკვნების შესაბამისად, ჯარისკაცის წინააღმდეგ სარდლობის ზომები იქნება მიღებული. ისრაელის თავდაცვის ძალები პატივს სცემენ რელიგიისა და თაყვანისცემის თავისუფლებას, ასევე, ყველა რელიგიისა და თემის წმინდა ადგილებსა და რელიგიურ სიმბოლოებს“, - ნათქვამია სამხედროების განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ იესო ქრისტეს ქანდაკების დაზიანების ფაქტზე ორ ებრაელ ჯარისკაცს, ერთს, რომელმაც ქანდაკება დააზიანა და მეორეს, რომელმაც ინციდენტი ფოტოზე აღბეჭდა, 30-დღიანი სამხედრო პატიმრობა მიესაჯა. 

დებელი სამხრეთ ლიბანში მდებარე პატარა, ძირითადად ქრისტიანებით დასახლებული სოფელია, რომელიც ისრაელის სამხედროებს აქვთ დაკავებული.