სომხეთის მთავრობა: სომხეთი არ განიხილავს საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის რომელიმე მესამე ქვეყნისთვის გადაცემას

„სომხეთი არ განიხილავს საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის რომელიმე მესამე ქვეყნისთვის გადაცემას“, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი ნაზელ ბაგდასარიანი ავრცელებს.
ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანს თურქეთში აშშ-ის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით კითხვა ჟურნალისტმა დაუსვა. მოგეხსენებათ, რომ ამერიკა სომხეთს ე.წ. ზანგეზურის დერეფნის მომდევნო 100 წლით კონტროლს სთავაზობს, რაზეც სახელმწიფოს მკაფიო პოზიცია აქვს.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სომხეთი რეგიონული ინფრასტრუქტურის განბლოკვას მხოლოდ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და სომხეთის იურისდიქციის კონტექსტში განიხილავს.
რაც შეეხება მიწის იჯარით აღებას, ასეთი რამ სომხეთის კანონმდებლობით, მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებისთვის ან მსგავსი დანიშნულებით არსებობს. შესაბამისად, აშშ-ის ელჩის მიერ ნახსენები ვერსიის განხილვა წარმოუდგენელი და შეუძლებელია“, - აცხადებს ბაგდასარიანი.
კიდევ ერთი კითხვა, რომელზეც პრემიერის პრესმდივანს პასუხის გაცემა მოუწია, სომხეთში აშშ-ის მიერ საგზაო კონტროლის დელეგირების შეთავაზება იყო, რაზეც მან უპასუხა, რომ ერევანი არ განიხილავდა და არ განიხილავს საკუთარი სუვერენული ტერიტორიის მესამე ქვეყნისთვის გადაცემის საკითხს.
„სომხეთის ტერიტორიის არცერთი ნაწილი არ შეიძლება იყოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და სომხეთის იურისდიქციის მიღმა“, - ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანის პრესმდივანმა.