Loading data...
სოლეიმანის მემკვიდრე ისმაილ ყაანი შესაძლოა დაჭრილი იყოს - რა ცნობები ვრცელდება მედიაში ბეირუთზე იერიშის შემდეგ

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალების მეთაური ისმაილ ყაანი, რომელიც მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მემკვიდრეა, შესაძლოა ბეირუთზე 3 ოქტომბერს განხორციელებული იერიშის დროს დაიჭრა. როგორც The Jerusalem Post წერს, არსებობს ცნობები, რომ თავდასხმის დროს ყაანი „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას შესაძლო შემცვლელთან, ჰაშიმ საფი ალ-დინთან ერთად იყო.

„ყაანი, რომელიც რეგიონში ირანის ტერორისტულ და მარიონეტულ ფილიალებს ხელმძღვანელობს, შესაძლოა სამხრეთ ბეირუთზე მიტანილი ავიაშეტევის შედეგად დაშავებულიყო იმავე შეტევის დროს, რომელიც ნასრალას სავარაუდო მემკვიდრის, ჰაშიმ საფი ალ-დინის წინააღმდეგ იყო მიმართული“, - წერს გამოცემა. 

ცნობისთვის, ისმაილ ყაანმა სოლეიმანი მას შემდეგ შეცვლა, რაც ეს უკანასკნელი 2020 წელს აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ ბაღდადში იქნა ლიკვიდირებული.