Loading data...
სლოვაკეთის პრემიერი ზელენსკისთან შესახვედრად უკრაინაში ჩავა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო 5 სექტემბერს უჟგოროდში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამის შესახებ უკრაინული მედია სლოვაკეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. 

სლოვაკეთის მთავრობის განცხადებით, ზელენსკისთან შეხვედრის დროს ფიცო გეგმავს, ყურადღება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხზე გაამახვილოს, რის შემდეგაც ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ამავე ცნობით, უჟგოროდში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელს იულია სვირიდენკოს.

ფიცოს დელეგაციაში იქნებიან ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დენის საკოვა და საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი.

რობერტ ფიცოს და ვოლოდიმირ ზელენსკის ორმხრივი შეხვედრები არ გაუმართავთ მას შემდეგ, რაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი 2023 წელს თანამდებობაზე დაბრუნდა.