Loading data...
„სლოვაკეთის პრემიერი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაშია“ - თავდასხმის შემდეგ, რობერტ ფიცო ვერტმფრენით გადაჰყავთ

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, მის ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ რობერტ ფიცო ამჟამად, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაში იმყოფება.

ინფორმაციის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პრემიერი არა სლოვაკეთის დედაქალაქში, არამედ ახლომდებარე ქალაქში გადაიყვანონ. 

„მას რამდენჯერმე ესროლეს და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფება. ამ მომენტისთვის, ის ვერტმფრენით ბანსკა-ბისტრიცაში გადაჰყავთ, რადგან ბრატისლავამდე მისი ჩაყვანა დროში ძალიან გაიწელებოდა გადაუდებელი პროცედურების საჭიროებიდან გამომდინარე. შემდეგი რამდენიმე საათი, გადამწყვეტი იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რობერტ ფიცოზე თავდასხმა დღეს, ქალაქ გონდლოვში, კულტურის სახლის მახლობლად მოხდა, სადაც მთავრობის სხდომა იმართებოდა. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.