სლოვაკეთი ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდება
„სლოვაკეთმა გადაწყვიტა, დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შექმნილ მშვიდობის საბჭოს“, - ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა განაცხადა.
„სლოვაკეთმა მიიღო მოწვევა, გახდეს დამკვირვებელი ახლად შექმნილ მშვიდობის საბჭოში. ერთადერთი ინიციატივა, რომელიც ამჟამად არსებობს და რომელსაც შეუძლია მშვიდობის დამყარება ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით კი ღაზას სექტორში, ჩვენი აზრით, არის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივა“, - განაცხადა იურაი ბლანარმა.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირი შეერთებულ შტატებში მშვიდობის საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობას გეგმავს.
ამასთან, საბერძნეთმა, იტალიამ და რუმინეთმა საბჭოს შეხვედრაში დამკვირვებლების სტატუსით მონაწილეობის შესახებ განაცხადეს.
22 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში აშშ-ის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მშვიდობის საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
ტრამპის გეგმის თანახმად, მშვიდობის საბჭომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ღაზაში მშვიდობის უზრუნველყოფასა და ღაზას რეკონსტრუქციაზე და შემდგომში უფრო ფართო როლი შეასრულოს გლობალური კონფლიქტების მოგვარებაში.
ორგანიზაციის პროექტის თანახმად, ტრამპი საბჭოს ხელმძღვანელად საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც დარჩება.