Loading data...
სკოტ ბესენტი: კონფლიქტის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა არის ის, რომ ირანის რეჟიმს მხარი არავინ დაუჭიროს

შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს, მოუწოდა, შეწყვიტონ ირანის მხარდაჭერა და არ ჩაერიონ კონფლიქტში. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. 

გადაცემის დროს წამყვანმა გაიხსენა რუსი ოფიციალური პირებისა და ირანის წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც მოსკოვმა თეირანს მხარდაჭერა აღუთქვა. მან ბესენტს ჰკითხა, თუ რა გზავნილს გადასცემს აშშ რუსეთს.

„მისმინეთ, ჩემი გზავნილი ყველასთვის ასეთია: თავი შორს დაიჭირეთ. ყველას გვინდა, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს, ხოლო ამ კონფლიქტის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა არის ის, რომ ამ რეჟიმს მხარი არავინ დაუჭიროს“, - უპასუხა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.

ბესენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი გარე ფინანსური და ლოგისტიკური არხებისგან ირანის რეჟიმის სრულ იზოლირებას აპირებს.

„მაგალითად, გასულ პარასკევს სანქციები დავუწესეთ ეგვიპტური ბანკის დუბაის ფილიალებს, რომლებმაც 2025 წლიდან რეჟიმს 1.8 მილიარდ დოლარზე მეტი გადასცეს. ვაპირებთ, სისტემატურად მიზანში ამოვიღოთ და გავანადგუროთ ყველა ასეთი არაკეთილსინდისიერი მოთამაშე“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ერთმანეთს ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.