Loading data...
სირიის სამთავრობო ძალებმა დაიკავეს ტერიტორია, რომელსაც 10 წელზე მეტ ხანს ქურთები აკონტროლებდნენ

სირიის სამთავრობო ძალებმა დაიკავეს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ტერიტორია, რომელსაც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქურთები აკონტროლებდნენ. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

კერძოდ, სამთავრობო ძალები ახლა დეირ-ეზ-ზორის თითქმის მთელ პროვინციას აკონტროლებენ. იქ ნავთობისა და გაზის დიდი საბადოები მდებარეობს. ასევე სამთავრობო ძალებმა ქალაქი რაქა დაიკავეს.

ორდღიანი შეტევის შემდეგ სირიის პრეზიდენტმა, ახმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ „სირიის დემოკრატიულ ძალებთან“, (SDF), რომელიც ქურთებისგან შედგება, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, დეირ-ეზ-ზორის პროვინცია და ქალაქი რაქა მთლიანად გადადის სირიის მთავრობის კონტროლის ქვეშ, ხოლო „დემოკრატიული ძალების “ მებრძოლები, შემოწმების შემდეგ, სამთავრობო ძალების და შს სამინისტროს შემადგენლობაში შევლენ.

შეთანხმების მიხედვით, SDF იღებს ვალდებულებას, რომ ქვეყანას ყველა არასირიელი წარმოშობის ლიდერი და „ქურთთა მუშათა პარტიის“ წარმომადგენლები დატოვებენ, რათა სუვერენიტეტი და სტაბილურობა დაცული იყოს. ასევე „დემოკრატიული ძალები“ იღებენ ვალდებულებას, რომ საკუთარ რიგებში არ მიიღებენ სამხედროებს, რომლებიც ბაშარ ასადის დროს სირიის ჯარში მსახურობდნენ. ასევე მათ სამთავრობო ძალებს უნდა მიაწოდონ ასადის არმიის მაღალჩინოსნებზე ინფორმაცია, რომლებიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში იმალებიან.

ამავე შეთანხმების მიხედვით, უნდა მოხდეს ჰასაკას პროვინციის ყველა სამოქალაქო დაწესებულების ინტეგრაცია სირიის სახელმწიფო სტრუქტურებში. უწყებების თანამშრომლები სირიის შესაბამისი სამინისტროების დაქვემდებარებაში გადადიან.

აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა სირიის საკითხებში ტომ ბარაკი შეთახმების გაფორმებას მიესალმა, მაგრამ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ აუცილებელია რთული სამუშაოს ჩატარება, რათა სრულფასოვანი ინტეგრაციული შეთანხმება იყოს გაფორმებული და შესრულებული.