სირიის ხელისუფლებამ და ქურთებმა სრულმასშტაბიანი შეთანხმება გააფორმეს
„სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“, რომლებსაც სათავეში ქურთები უდგანან, განაცხადეს, რომ სირიის ხელისუფლებასთან სრულმასშტაბიან შეთანხმებას მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტისა და სახელმწიფო სტრუქტურებში სამხედრო და ადმინისტრაციული ორგანოების ეტაპობრივი ინტეგრაციის შესახებ. ეს ინფორმაცია სირიის მთავრობამაც დაადასტურა. ინფორმაციას Deutche welle ავრცელებს.
ამ განცხადებას წინ უძღოდა შეიარაღებული შეტაკებები, რომელთა დროს სირიის სამთავრობო ძალებმა იმ ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიკავეს, რომელსაც 10 წლის განმავლობაში ქურთები აკონტროლებდნენ.
შეთანხმების მიხედვით, „სირიის დემოკრატიული ძალები“ დაპირისპირების ხაზიდან უნდა გაიყვანონ. სირიის შს დაქვემდებარებაში მყოფი ძალები კი ქალაქებში, ელ-ჰასაკასა და ელ-ქამიშლიში შევლენ. შემდეგ სირიის სამთავრობო ძალებში ქურთთა ფორმირებების ინტეგრაციის პროცესი დაიწყება. იგეგმება ახალი საბრძოლო შენაერთის შექმნა, რომელშიც SDF-ის სამი ბრიგადა შევა და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში განთავსდება. ასევე ქურთთა ერთი ბრიგადა ალეპოში იქნება დისლოცირებული და სამთავრობო ძალებში შევა.
აშშ-ის ელჩმა თურქეთში და სირიის საკითხებში სპეცწარმომადგენელმა ტომას ბარაკმა სირიის მთავრობასა და ქურთებს შორის შეთანხმებას უწოდა „სირიის ეროვნული შერიგების გზაზე ფუნდამენტური და ისტორიული მოვლენა, რაც ერთიანობის და მდგრადი სტაბილურობის შესაძლებლობას იძლევა“.