Loading data...
სირიამ დაგმო ისრაელის ბოლო ავიაიერიში, როგორც მისი სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის „უხეში დარღვევა“

სირია გმობს ისრაელის ბოლო თავდასხმას მის ტერიტორიაზე, როგორც მისი სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის „უხეშ დარღვევას“.

„ეს თავდასხმა წარმოადგენს სირიის არაბული რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიის მთლიანობის აშკარა დარღვევას, ასევე, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას და ხდება სირიის ტერიტორიაზე ისრაელის მიერ განხორციელებული განმეორებითი თავდასხმების კონტექსტში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს სამხრეთ-დასავლეთ სირიაში საჰაერო დარტყმის განხორციელება და განაცხადეს, რომ მათი სამიზნე ტერორისტი იყო, რომელიც ისრაელის ძალებისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენდა. 

სირიული მედიის ცნობით, ისრაელის ძალებმა ბეით ჯინში ავტომობილს დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. ქალაქი ისრაელის საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს.

ცნობისთვის, ისრაელის ძალებმა 18 აგვისტოს სირიის აბუ ალ-დუჰურის ავიაბაზაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ ობიექტზე თურქეთის ჯარების განლაგება იგეგმებოდა, რასაც დამასკო და ანკარა უარყოფენ.