სიიარტოს განცხადებით, პუტინმა ორბანის თხოვნით ორი უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლა, რომლებსაც უნგრეთის მოქალაქეობა აქვთ
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ, რომელიც მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა, განაცხადა, რომ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის თხოვნით ორი ტყვე უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლა. ამის შესახებ მან Facebook-ზე განაცხადა.
როგორც ცნობილია, სიიარტოსთან შეხვედრაზე პუტინმა პირობა დადო, რომ გაათავისუფლებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ორ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებსაც უნგრეთის მოქალაქეობა აქვთ.
„თითქმის 24 საათის წინ აქედან წამოვედით და სახლში უფრო მეტი ადამიანით ვბრუნდებით. როგორც ხედავთ, ღმერთს მადლობა, წარმატებას მივაღწიეთ“, - დაწერა სიიარტომ 5 მარტს.
Telex-ის ცნობით, ჟურნალისტებთან საუბრისას სიიარტომ განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერს სამხედრო ტყვეების სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვია.
„ჩვენ, უნგრელებმა, მთელი ძალით უნდა დავიცვათ მშვიდობა და ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, არ დავუშვათ უნგრეთის ჩათრევა ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე ომში. ჩვენ უნდა გავერიდოთ ამ ომს და დავიცვათ ყველა უნგრელი ამ ომის შედეგებისგან და თავად ომისგან“, - დასძინა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.