სიიარტო: უნგრეთი არ განბლოკავს 90 მილიარდ ევროს უკრაინისთვის, სანამ „დრუჟბას“ მუშაობა არ განახლდება
იქამდე, ვიდრე უკრაინა „დრუჟბას“ მილსადენის გავლით ევროპაში რუსული ნავთობის ტრანზიტს ბლოკავს, უნგრეთი დაბლოკავს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის ფარგლებში განაცხადა.
„ეს ძალიან მარტივია. სანამ ნავთობის ბლოკადის ქვეშ ვართ, ამ გადაწყვეტილებას [უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფას] არ დავეთანხმებით“, - აღნიშნა სიიარტომ.
მისი თქმით, უკრაინელები დასცინიან უნგრელებს და „პოლიტიკური მიზეზების გამო არ აღადგენენ ნავთობის ტრანსპორტირებას“.
სიიარტოს თქმით, სანამ ეს სიტუაცია გაგრძელდება, უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ხმის მიცემაზე, უკრაინისთვის რაიმე სხვა ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ხმის მიცემასა და სანქციების მე-20 პაკეტზე საუბარი შეუძლებელია.
„დრუჟბას“ მილსადენი ფიზიკურად და ტექნიკურად მზადაა ტრანსპორტირების განახლებისთვის. არანაირი ტექნიკური პრობლემა არ არსებობს“, - ხაზგასმით აღნიშნა სიიარტომ.
ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ „დრუჟბას“ ნავთობსადენის აღდგენა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას უტოლდება.