სიიარტო აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხს განიხილავს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას შეხვდებიან ერთმანეთს, რათა განიხილონ აშშ-ის მიერ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომლის სიტყვებსაც Bloomberg-ი ციტირებს.
ბუდაპეშტში ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების „იურიდიულ და ფიზიკურ გავლენას“ უნგრეთი მიმდინარე კვირაში შეაფასებს.
„საჭიროების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრს შეეძლება ამ საკითხის პირადად განხილვა მომავალ კვირას ვაშინგტონში“, - განაცხადა უნგრელმა დიპლომატმა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, ორბანისა და ტრამპის შეხვედრა მომავალი კვირის მეორე ნახევარში გაიმართება, თუმცა სიიარტოს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.