სიბიგამ სიიარტოს მიმართა: სოციალურ ქსელში კამათის ნაცვლად, შევხვდეთ და გავმართოთ დისკუსია

საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ თავისი უნგრელი კოლეგა, პეტერ სიიარტო, სოციალურ მედიაში კამათის ნაცვლად, შეხვედრაზე და მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად მიიწვია.
როგორც სიბიგა სიიარტოსადმი მიმართვაში აღნიშნავს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იცის, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება საფრთხეს არ უქმნის უნგრეთს, პირიქით, „ეს შეესაბამება უნგრეთის ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს“.
„უნგრეთი დაინტერესებულია ძლიერი და გაერთიანებული ევროპით, რომელიც რჩება წარმატებული ინტეგრაციის გზაზე და სთავაზობს ინტეგრაციის მიმზიდველ პერსპექტივებს“ – ეს არის ციტატა უნგრეთის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიიდან“, - წერს სიბიგა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ უქმნის საფრთხეს უნგრელ ფერმერებს, რომლებსაც არცერთი დღე არ გადაუკეტავთ უკრაინა-უნგრეთის საზღვარი და მიმდინარე წელს აქტიურად ყიდულობენ უკრაინულ სიმინდს.
„ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანება, ასევე, არ უქმნის საფრთხეს უნგრეთის შრომის ბაზარს, რადგან რუსეთის შემოჭრამდე თქვენი მთავრობა აქტიურად იწვევდა უკრაინელებს უნგრეთში სამუშაოდ, რათა კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა შეევსო“, - აღნიშნავს სიბიგა.
სიბიგამ, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრანსკარპატიის რეგიონში უნგრული თემი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც მისმა ლიდერებმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადეს და მათი ინტერესების დაცვა უნგრეთის კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.
„ტვიტერზე“ კამათის ნაცვლად, მოდი, შევხვდეთ და კონსტრუქციული დისკუსია გავმართოთ. დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია, კეთილსინდისიერად შევთანხმდეთ პრაგმატულ გადაწყვეტილებებზე - გაერთიანებულ ევროპაში ჩვენი ხალხების მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთო ინტერესების გამო“, - დასძინა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.