Loading data...
სიბიგა: რუსეთმა უკრაინის მიერ ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, პუტინს მხოლოდ სამხედრო აღლუმები ადარდებს და არა ადამიანთა სიცოცხლე

რუსეთმა 5-6 მაისს, შუაღამისას, უკრაინის მიერ ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ Telegram-ზე დაწერა.

მან აღნიშნა, რომ რუსული იერიშები 108 დრონისა და 3 რაკეტის გამოყენებით მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა, დილით კი დარტყმები ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე განხორციელდა.

„მოსკოვმა კიდევ ერთხელ უგულებელყო რეალისტური და სამართლიანი მოწოდება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომელსაც მხარს უჭერენ სხვა სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ეს აჩვენებს, რომ რუსეთი უარყოფს მშვიდობას და 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მის ყალბ მოწოდებებს დიპლომატიასთან არაფერი აქვს საერთო. პუტინს მხოლოდ სამხედრო აღლუმები ადარდებს და არა ადამიანთა სიცოცხლე“, - განაცხადა მინისტრმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პოზიცია მოითხოვს რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის გაზრდას, მათ შორის სანქციების ახალ რაუნდებს, იზოლაციას, პასუხისგებაში მიცემას და ყველა სფეროში უკრაინის გაფართოებულ მხარდაჭერას.