Loading data...
სიბიგა: აშშ-ის მიერ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის დაკავება ხაზს უსვამს პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტ ლიდერობას

ამერიკელების მიერ რუსული ნავთობტანკერის, „მარინერას“, დაკავება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ლიდერობაზე მეტყველებს. რუსეთთან მოქმედებაა საჭირო და არა შიში. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

„ჩრდილოეთ ატლანტიკაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის დაკავება ხაზს უსვამს შეერთებული შტატებისა და პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტ ლიდერობას. ჩვენ მივესალმებით რუსეთთან ურთიერთობებში ამ მიდგომას: მოქმედება და არა შიში“, - განაცხადა სიბიგამ.

მან დასძინა, რომ ეს მიდგომა ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს სამშვიდობო პროცესში, რათა უკრაინასა და რუსეთს შორის მდგრადი მშვიდობა დამყარდეს.

ცნობისთვის, 7 იანვარს აშშ-ის სანაპირო დაცვამ ისლანდიასა და დიდი ბრიტანეთის კუნძულებს შორის რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Marinera დააკავა.

ამერიკული ძალები ტანკერს რამდენიმე დღის განმავლობაში მისდევდნენ. ოპერაცია დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით განხორციელდა. ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ჯონ ჰილის თქმით, გემი რუსეთისკენ მიემართებოდა.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპულმა სარდლობამ დაკავების მიზეზად აშშ-ის სანქციების რეჟიმის დარღვევა დაასახელა.