Loading data...
სი ძინპინი საუდის არაბეთის პრინცს: ჰორმუზის სრუტე ღია უნდა დარჩეს, რადგან ეს რეგიონის ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესებს ემსახურება

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან სატელეფონო საუბრისას ჰორმუზის სრუტეში გემების ნორმალური გადაადგილების შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

ჩინეთი მხარს უჭერს დაუყოვნებლივ და ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტას და მოითხოვს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების პოლიტიკური და დიპლომატიური არხებით მოგვარებას, ციტირებს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua სი ძინპინის სიტყვებს. 

„ჰორმუზის სრუტე ნორმალური გადაადგილებისთვის ღია უნდა დარჩეს, რადგან ეს რეგიონის ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესებს ემსახურება“, - განუცხადა მან საუდის არაბეთის ლიდერს.

სი ძინპინსა და მოჰამედ ბინ სალმანს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც აშშ-ის ძალებმა ირანის პორტების ბლოკადის ფარგლებში ირანული სატვირთო გემი დააკავეს, თეირანმა კი მიანიშნა, რომ ამ ეტაპზე ვაშინგტონთან ახალ სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ შეუერთდება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მიერ ირანული გემის „იძულებით შეჩერებასთან“ დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და შესაბამის მხარეებს მოუწოდა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაიცვან.

ამასთან, სი ძინპინმა საუდის არაბეთის პრინცს განუცხადა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, „თავად განკარგონ საკუთარი მომავალი და ბედი და ხელი შეუწყონ გრძელვადიან რეგიონულ სტაბილურობასა და მშვიდობას“.