Loading data...
სი ძინპინი: ჩვენ უნდა დავიცვათ პრინციპი, რომ ახლო აღმოსავლეთის ხალხები თავიანთი საქმეების ბატონ-პატრონები არიან, დავუპირისპირდეთ გარე ჩარევას და მხარი დავუჭიროთ რეგიონის ქვეყნებს მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ დიალოგის გაძლიერებაში

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, წინააღმდეგობა გაუწიონ „გარე ჩარევას“ და განაცხადა, რომ პეკინი მზადაა, ითანამშრომლოს რეგიონის სახელმწიფოებთან საზღვაო გადაზიდვების დასაცავად, რაც აშშ-ირანის ომმა საფრთხის ქვეშ დააყენა. ამის შესახებ სი ძინპინმა კაიროში ეგვიპტელ კოლეგასთან აბდულ-ფათაჰ ალ-სისითან შეხვედრაზე განაცხადა

„ჩვენ უნდა დავიცვათ პრინციპი, რომ ახლო აღმოსავლეთის ხალხები თავიანთი საქმეების ბატონ-პატრონები არიან, დავუპირისპირდეთ გარე ჩარევას და მხარი დავუჭიროთ რეგიონის ქვეყნებს მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ დიალოგის გაძლიერებაში“, - განაცხადა სი ძინპინმა სისისთან შეხვედრაზე, იტყობინება ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua.

ეგვიპტის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სი ძინპინისა და სისის მოლაპარაკებების მთავარი თემა აშშ-ირანის კონფლიქტი იყო. ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა „დიპლომატიური გადაწყვეტილებებისა“ და „ომის დასრულების შესახებ ყოვლისმომცველი შეთანხმების“ მიღწევის მნიშვნელობას. 

სისის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას სუეცის არხთან ეგვიპტე-ჩინეთის ინდუსტრიული ზონის მესამე ფაზის დაწყების შესახებ, რომელიც, ოფიციალური პირების თქმით, უკვე მასპინძლობს 200 კომპანიას და დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს.

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი „მზადაა, ითანამშრომლოს რეგიონის ქვეყნებთან საერთაშორისო საზღვაო მარშრუტების უსაფრთხოების დასაცავად, განვითარების სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად და კონფლიქტის წარმოშობის საფუძვლების აღმოსაფხვრელად“.