შვედეთში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა, მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
შვედეთში შტორმ „იოჰანესს“ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა, ერთ-ერთი მათგანი მამაკაცს დაეცა, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ჰოსპიტალიზებულია კიდევ ერთი პირი.
სტიქიის გამო, 40 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. პრობლემები შეექმნა სარკინიგზო მიმოსვლასაც, სადაც ათობით რეისი გაუქმდა. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 80 ათასამდე აბონენტიც ფინეთში. ძლიერმა ქარმა 7-მეტრიანი ტალღები წარმოქმნა. რამდენიმე აეროპორტში კი ფრენები შეწყდა. რეისები შეაჩერეს ბორნებმა და საკრუიზო ხომალდებმა.
სტიქიას ებრძვიან ნორვეგიაშიც, სადაც 23 ათასამდე აბონენტს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. აქაც დროებით შეჩერებულია საავიაციო, სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლა. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში დაკეტილია საავტომობილო გზებიც.