Loading data...
შვედეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი ტანკერი დააკავა

შვედეთის სანაპირო დაცვამ ბალტიის ზღვაში ტანკერი Sea Owl I დააკავა, რომელიც კომორის კუნძულების დროშის ქვეშ დაცურავს. ევროკავშირის ინფორმაციით, გემი რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

შვედეთის სანაპირო დაცვის ცნობით, ტანკერი შვედეთის საზღვაო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, ის ყალბი დროშით დაცურავს და 2025 წლის 24 ოქტომბერს სანქციების სიაში იყო შეყვანილი.

შვედეთის სამართალდამცველების ცნობით, ტანკერს ნავთობპროდუქტები რუსეთსა და ბრაზილიას შორის გადააქვს. დაკავების მომენტში ის ბრაზილიიდან რუსეთის ქალაქ პრიმორსკში მიდიოდა.

ბოლოს შვედეთის სანაპირო დაცვამ „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული გემი 6 მარტს დააკავა. მაშინ სატვირთო გემი Caffa იყო დაკავებული, რომელიც გვინეის დროშით დაცურავდა. ის სანკტ-პეტერბურგში მიდიოდა. გემის ეკიპაჟის 11 წევრიდან 9 რუსეთის მოქალაქე იყო.