შვედეთის თავდაცვის მინისტრი ევროპას „საომარ რეჟიმზე“ გადასვლისკენ მოუწოდებს

შვედეთის თავდაცვის მინისტრი პოლ იონსონი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ჰიბრიდული ოპერაციების გაძლიერება ევროპული სახელმწიფოებისგან გადამწყვეტ რეაგირებას და შესაძლო ომისთვის მომზადებას მოითხოვს.
მისი თქმით, ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად, „ჩვენ ფსიქოლოგიურადაც და სამხედრო თვალსაზრისითაც უნდა მოვემზადოთ“.
„აუცილებელია მენტალიტეტის შეცვლა: ჩვენ უნდა გადავიდეთ საომარ რეჟიმში, რათა მტკიცედ შევაჩეროთ, დავიცვათ და შევინარჩუნოთ მშვიდობა. რუსეთი მუდმივად გამოცდის ჩვენს ერთიანობას და ჩვენს სიმტკიცეს, მაგრამ პუტინი წარმატებას ვერ მიაღწევს“, - დასძინა მან.
შვედეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ასევე, განაცხადა, რომ ნატოს საჰაერო სივრცეში დრონებისა და თვითმფრინავების შეჭრის ბოლოდროინდელმა ინციდენტებმა აჩვენა: „რუსეთი მზადაა პოლიტიკური და სამხედრო რისკების აღებისთვის და ჰიბრიდული ოპერაციების გასააქტიურებლად“.
„ჩვენ უნდა გადავდგათ ახალი სამხედრო ნაბიჯები რუსეთის მხრიდან ესკალაციის წინააღმდეგ - იქნება ეს ჰიბრიდული ოპერაციების თუ ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევის წინააღმდეგ“, - განაცხადა მან.
სხვა საკითხებთან ერთად, მისი აზრით, რუსეთისთვის ნათლად უნდა იყოს ცნობილი, რომ ნებისმიერ პროვოკაციას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება.
„რუსეთმა უნდა იცოდეს: თუ მტრის სამხედრო ხომალდი ან საბრძოლო თვითმფრინავი შემოვა ჩვენს საჰაერო სივრცეში ან წყლებში, ჩვენ იძულებული ვიქნებით ჩამოვაგდოთ ისინი“, - დასძინა მინისტრმა.