შვედეთის პრემიერ-მინისტრი: პუტინი იძულებული უნდა იყოს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი იძულებული უნდა იყოს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. კრისტერსონის განცხადებას The Guardian-ი ციტირებს.
უკრაინისთვის აშშ-ის სამშვიდობო გეგმის შესახებ ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა:
„შვედეთის ინტერესებშია, რომ რუსეთის აგრესიამ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ არასდროს გამოიღოს შედეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმან, რაც დღეს უკრაინაში ხდება, შეიძლება ხვალ ევროკავშირში რომელიმე ჩვენგანზე იქონიოს გავლენა“.
კრისტერსონის თქმით, ცხადია, რომ პუტინი „იძულებული უნდა იყოს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“.
მან ასევე მოუწოდა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას ევროპულ იურისდიქციაში არსებული რუსული აქტივების კონფისკაციის გზით.
„ეს თანხა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად და რუსეთის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისთვის იქნება გამოყენებული“, - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.