Loading data...
შვედეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ესპანეთში მიგრანტებისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭება „ძალიან ცუდი იდეაა“ და შენგენის ზონისთვის საფრთხეს წარმოადგენს

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა ესპანეთის მიერ არალეგალი მიგრანტებისთვის გამოცხადებული ამნისტია „ძალიან ცუდ იდეად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ამან შესაძლოა, ევროპა 2015 წლის მიგრაციულ კრიზისში დააბრუნოს და კონტინენტის თავისუფალი გადაადგილების ზონას საფრთხე შეუქმნას. ამის შესახებ მან Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

ულფ კრისტერსონის თქმით, ესპანეთის მიერ 1 მილიონზე მეტი ადამიანის ამნისტიამ ევროკავშირის ლიდერების ბოლო შეხვედრაზე „საკმაო აჟიოტაჟი“ გამოიწვია, რადგან ის ეწინააღმდეგებოდა იმას, რის მიღწევასაც სხვა ქვეყნები ცდილობდნენ.

იტალიის, გერმანიისა და დანიის ლიდერებმა სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად მკაცრად გააკრიტიკეს ესპანეთი მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ათიათასობით მიგრანტი მაროკოდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში შევიდა, თუმცა მათი უმრავლესობა რამდენიმე საათში უკან გააბრუნეს. 

„ეს სიმბოლურად გამოხატავს იმას, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა არ გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც ოდნავ მაინც შეიძლება წააგავდეს 2015 წელს მომხდარს. ვფიქრობ, ესპანეთმა ეს გააცნობიერა... მაგრამ ეს დაუცველობაზე მეტყველებს“, - განაცხადა კრისტერსონმა.

2015 წელს შვედეთმა თავის მოსახლეობასთან შედარებით მეტი იმიგრანტი მიიღო, ვიდრე თითქმის ნებისმიერმა სხვა ევროპულმა ქვეყანამ, მაგრამ შემდეგ ინტეგრაციის სერიოზული პრობლემებისა და ბანდებთან დაკავშირებული დანაშაულების სწრაფი ზრდის წინაშე აღმოჩნდა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან ესპანელ კოლეგასთან პედრო სანჩესთან უკმაყოფილება გამოთქვა არალეგალი იმიგრანტებისთვის ბოლო დროს გამოცხადებულ ამნისტიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც 1.2 მილიონმა ადამიანმა, ორჯერ მეტმა, ვიდრე მადრიდი ელოდა, განაცხადი შეიტანა.

„[ამნისტიის] არსებობა ასევე ქმნის შესაძლებლობას, გამოიყენოთ ევროპის ტერიტორია. ეს განსაკუთრებით საზიანოა ჩვენთვის, რადგან გამოცდილებიდან ვიცით, რომ ევროპაში ჩამოსული ბევრი ადამიანი ჩრდილოეთში გადასვლას ამჯობინებს. ზუსტად ეს მოხდა 2015 წელს“, - აღნიშნა კრისტერსონმა.

სანჩესი ამტკიცებს, რომ იმიგრაცია ესპანეთის დაბერებული მოსახლეობის გრძელვადიანი ეკონომიკური კეთილდღეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამნისტია ლეგალური სტატუსის არმქონე იმიგრანტებს ერთწლიან ბინადრობის ნებართვას აძლევს, განახლების შესაძლებლობით, თუ ისინი ესპანეთში ხუთი თვის განმავლობაში ცხოვრობენ და არ არიან ნასამართლევი.

ესპანეთის ამნისტია ითვალისწინებს ესპანეთში ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვას, მაგრამ არა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. თუმცა მიგრანტები, რომელთა უმეტესობა ლათინური ამერიკიდანაა, თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას ევროპის შენგენის ზონაში, სადაც სასაზღვრო შეზღუდვები არ არსებობს.

კრისტერსონმა განაცხადა, რომ შენგენის სისტემა დამოკიდებულია მისი წევრების „კოორდინირებულ მოქმედებაზე, რათა დაიცვან გარე საზღვრები და უზრუნველყონ მაქსიმალური პოლიტიკური თანმიმდევრულობა“.

მისი თქმით, „ეჭვგარეშეა“, რომ ერთი ქვეყნის გადაწყვეტილების შედეგად მიგრაციული ნაკადების ზრდა შენგენის სისტემის „სოლიდარობაზე“ გავლენას მოახდენს.

თავად შვედეთმა მკვეთრად გაამკაცრა მიგრანტებთან, დეპორტაციასთან და მუდმივი ბინადრობის საკითხებთან დაკავშირებული წესები. შედეგად, გასულ წელს ქვეყანაში ბოლო 40 წლის განმავლობაში თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.