Loading data...
შოლცი: სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შესუსტდება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც თანამდებობას უახლოეს დღეებში დატოვებს, ოპტიმიზმი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს. ამის შესახებ შოლცმა ჰანოვერში, ეკლესიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

გერმანიის კანცლერის სიტყვები უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის „ამერიკულ-უკრაინული აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის ფონზე გაჟღერდა.

შეთანხმების თანახმად, აშშ-ის წვლილი ამ ფონდში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ახალი იარაღის მიწოდებასაც მოიცავს.

„სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შესუსტდება“, - განაცხადა შოლცმა.

როგორც ცნობილია, 30 აპრილს უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. უკრაინული მედიის ცნობით, წიაღის შესახებ შეთანხმება 57 მინერალს ეხება, მასში საუბარია აშშ-ის სამხედრო დახმარებაზეც.