Loading data...
აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, წიაღის შესახებ შეთანხმება 57 მინერალს ეხება, მასში საუბარია აშშ-ის სამხედრო დახმარებაზეც

ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის მთავრობებს შორის „ამერიკულ-უკრაინული აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმება ორმხრივი თანამშრომლობის რამდენიმე მნიშვნელოვან დებულებას დეტალურად არ ასახავს და, პირველ რიგში, ძირითად, პოლიტიკურ პარამეტრებს ადგენს. ამას მოწმობს ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელსაც უკრაინული მედია მიმოიხილავს

როგორც გაირკვა, მოლაპარაკებების დროს უკრაინა და შეერთებული შტატები მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ შეთანხმება კვლავ რამდენიმე კომპონენტად გაეყოთ. 30 აპრილს ვაშინგტონში ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმება განსაზღვრავს პოლიტიკურ პარამეტრებს ორი ქვეყნის მთავრობის თანამშრომლობისთვის მინერალური რესურსების განვითარების, მინერალების გაყიდვისა და ამერიკული დახმარების, მათ შორის სამხედრო დახმარების, საკითხებში, რომელსაც უკრაინა მომავალში მიიღებს.

თუმცა, ბევრი დეტალი, მათ შორის პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე, გაწერილი იქნება „ტექნიკურ შეთანხმებაში“, რომელიც ხელმოსაწერად ჯერ მზად არ არის. 30 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება მხოლოდ 12 გვერდისგან შედგება. შედარებისთვის, წინა პროექტი, რომელიც აშშ-მა უკრაინას მარტში გადასცა, იგივე შრიფტითაა დაწერილი და 90-ზე მეტ გვერდს მოიცავს.

ხელმოწერილი შეთანხმების პარამეტრები შეესაბამება წინა დღეს პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის მიერ გამოცხადებული ძირითადი პუნქტების უმეტესობას.

ამგვარად, შეთანხმება მართლაც დეტალურად აღწერს გარანტიებს, რომ ის არ ეწინააღმდეგება უკრაინის მიერ ევროკავშირთან დადებულ შეთანხმებებს და უკრაინის გაწევრიანების მისწრაფებებს და თუ ასეთი წინააღმდეგობა ევროკავშირთან გაწევრიანების შეთანხმებაში გამოჩნდება, აშშ-სთან შეთანხმების დებულებები უნდა გადაიხედოს.

მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი უკრაინას ამერიკულ სამართლებრივ სისტემას არ უქვემდებარებდეს - დავები თანასწორობის საფუძველზე, კონსულტაციების გზით წყდება.

ასევე, აშშ-ის კომპანიებისთვის არ არსებობს „პირველი ხელის უფლება“ უკრაინაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების მისაღებად, თუმცა, აშშ-ის კომპანიებს უნდა ჰქონდეთ წვდომა აუქციონებზე, ან მოლაპარაკებებზე ასეთი მინერალების შესაძენად, ისეთივე პირობებით, როგორც სხვა მყიდველებს.

შეთანხმებაში მითითებულია იმ მინერალების სია, რომელთა მოპოვებასაც ის ეხება. ესენია: ალუმინი, სტიბიუმი, დარიშხანი, ბარიტი, ბერილიუმი, ბისმუთი, ცერიუმი, ცეზიუმი, ქრომი, კობალტი, სპილენძი, დისპროზიუმი, ერბიუმი, ევროპიუმი, ფთორი, ფლუორიტი, გადოლინიუმი, გალიუმი, გერმანიუმი, ოქრო, გრაფიტი, ჰაფნიუმი, ჰოლმიუმი, ინდიუმი, ირიდიუმი, ლანთანი, ლითიუმი, ლუტეციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, ნეოდიმიუმი, ნიკელი, ნიობიუმი, პალადიუმი, პლატინი, კალიუმი, პრაზეოდიმიუმი, როდიუმი, რუბიდიუმი, რუთენიუმი, სამარიუმი, სკანდიუმი, ტანტალი, ტელური, ტერბიუმი, თულიუმი, კალი, ტიტანი, ვოლფრამი, ურანი, ვანადიუმი, იტერბიუმი, იტრიუმი, თუთია, ცირკონიუმი, ნავთობი, ბუნებრივი აირი.

საუბარია მხოლოდ ახალ საბადოებზე, რომლებზეც უკრაინა ლიცენზიებს შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ გასცემს. ამ სიის გაფართოება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.

შეთანხმება არ არეგულირებს სხვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და მოპოვებიდან მიღებულ შემოსავლებს. ის, ასევე, არ ვრცელდება უკრაინის ინფრასტრუქტურიდან მიღებულ შემოსავლებზე, როგორც ამას აშშ თავდაპირველად სთავაზობდა.

უკრაინა ერთობლივ ფონდში ინვესტირებას ახორციელებს იმ შემოსავლით, რომელსაც ლიცენზიების გაყიდვიდან და ამ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებიდან გადახდილი რენტის გადასახადებიდან მიიღებს, თუმცა მას ფონდში ასევე დამატებითი თანხების ჩარიცხვის უფლებაც აქვს.

აშშ-ის წვლილი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ახალი იარაღის მიწოდებას მოიცავს.

„თუ [... აშშ-ის მთავრობა] უკრაინის მთავრობას რაიმე ფორმით ახალ სამხედრო დახმარებას გაუწევს (მათ შორის, იარაღის სისტემების, საბრძოლო მასალის, ტექნოლოგიების, ან წვრთნების სახით), აშშ-ის კაპიტალური შენატანი ჩაითვლება გაზრდილად, ასეთი სამხედრო დახმარების სავარაუდო ღირებულებით“, - ნათქვამია შეთანხმებაში.

თუმცა, უკრაინის პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცხადებული ზოგიერთი ნორმა შეთანხმებაში აღწერილი არ არის. მაგალითად, მასში არ არის ნახსენები ფონდის მართვის პრინციპები, ასევე, აშშ-ის ვალდებულება, რომ 10 წლის განმავლობაში ფონდიდან შემოსავალი არ ამოიღოს, არამედ თანხების 100%-ის უკრაინის აღდგენაში რეინვესტირება მოახდინოს. ეს პოზიციები გაწერილი უნდა იყოს შემდეგ შეთანხმებაში, რომლის ტექსტიც მზადდება.