Loading data...
შეტაკებები, წყლის ჭავლი და მერიის შტურმი - საფრანგეთში საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, მაღალი ფასების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, - ამის შესახებ სააგენტო AFP იტყობინება.

კერძოდ, მომიტინგეები მარსელი მერიაში შეიჭრნენ. ერთ-ერთმა მომიტინგემ შესძახა „ჩვენ ბასტილიას ვიღებთ“.

მარსელში აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნებითა და სკუტერებით გზატკეცილი გადაკეტეს, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პარიზში, დასავლეთ ნაწილში, მომიტინგეებმა ფრანგული მაუწყებლების, CNews-ისა და Europe 1-ის ოფისებში ფანჯრები ჩაამსხვრიეს, როდესაც მომიტინგეებმა მათ სხვადასხვა საგნები ესროლეს.

საპროტესტო აქციების გამო პარიზში მეტროს რამდენიმე ხაზი დაიხურა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, აქციაში 32 000-ზე მეტმა მომიტინგემ მიიღო მონაწილეობა.

წყაროს ცნობით, პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 160-ზე მეტი ადამიანი დააკავა.