„შეიძლება ცოტა უხეშად ჟღერდეს, მაგრამ ირანი ჩემი ომი არ არის, უკრაინა ჩემი ომია“ - სტუბი კითხვაზე, უნდა გაერთიანდნენ, თუ არა ევროპელი მოკავშირეები სპარსეთის ყურეში ტრამპის დასახმარებლად
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი იმედოვნებს, რომ მისი ამერიკელი კოლეგა დონალდ ტრამპი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შესახებ თავის დაპირებას შეასრულებს. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ამავდროულად, სტუბმა აღიარა, რომ ტრამპის ყურადღება ამჟამად, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთზეა კონცენტრირებული.
„ის [ტრამპი] ამჟამად მთლიანად ირანით არის დაკავებული. გასაგები მიზეზების გამო, ირანში ომს ყურადღება გადააქვს იქიდან, რაც უკრაინაში ხდება. მეჩვენება, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ამჟამად შეჩერებულია“, - აღნიშნა სტუბმა.
კითხვას, უნდა გაერთიანდნენ, თუ არა ევროპელი მოკავშირეები სპარსეთის ყურეში ტრამპის დასახმარებლად, ფინეთის პრეზიდენტმა უპასუხა: „შეიძლება ცოტა უხეშად ჟღერდეს, მაგრამ ირანი ჩემი ომი არ არის. უკრაინა ჩემი ომია“.
სტუბი არ ფიქრობს, რომ ევროპელები ირანთან ომში უნდა ჩაერიონ, სანამ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. თუმცა, თუ ტრამპს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის უზრუნველსაყოფად დახმარება სურს, შესაძლოა, მათ ეს საკითხი მოგვიანებით განიხილონ.
თუმცა, სტუბმა დასძინა, რომ ის ტრამპთან „ცოტა უფრო იშვიათად“ ურთიერთობს, ვიდრე ადრე. აშშ-ის პრეზიდენტი ბოლო დროს სპარსეთის ყურის საკითხებით არის დაკავებული.