Loading data...
შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონით თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა

„შავ ზღვაში სატვირთო გემზე განხორციელებული დრონების თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky news-ი საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, გემზე დარტყმის შედეგად დაშავდა კიდევ ორი მოქალაქე. ისინი უკრაინის პორტ ჩორნომორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ რეგიონებში მოგზაურობისგან, სადაც სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს ან უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილურია, ამ ტერიტორიებზე შრომითი საქმიანობისგან ან ამ მარშრუტებზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ შორის გემებზე მუშაობისგან“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამ დრომდე უცნობია, რომელი ქვეყნის დრონები დაესხნენ თავს გემს.