Loading data...
სეულში ბირთვული თავდასხმისგან დამცავი პირველი მიწისქვეშა თავშესაფარი აშენდება

სამხრეთ კორეის დედაქალაქში 2028 წლისთვის სამოქალაქო პირებისთვის განკუთვნილი პირველი მიწისქვეშა თავშესაფარი აშენდება, რომელიც ბირთვული დარტყმისგან დაცვისთვის არის გათვლილი.

The Korea Herald-ის ცნობით, ბუნკერი სეულის ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსის მესამე მიწისქვეშა დონეზე განთავსდება. ის ადამიანებს ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური საფრთხეებისგან დაიცავს. თავშესაფარი დაახლოებით 2.1 ათას კვადრატულ მეტრს დაიკავებს და 1 020-მდე ადამიანის მიღებას შეძლებს. მასში გათვალისწინებული იქნება ვენტილაციის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. ადამიანებს იქ ორ კვირამდე შეეძლებათ დარჩენა. ჩვეულებრივ დროს კი, ეს შენობა ფიტნეს-ცენტრად იქნება გამოყენებული.

გაზეთი აღნიშნავს, რომ ეს ქვეყანაში პირველი ასეთი დონის ობიექტია, რომელსაც რეგიონული ხელისუფლება ააშენებს. 16 შენობისგან შემდგარი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი დაახლოებით 70%-ით არის მზად.

ახალი ტიპის საზოგადოებრივი თავშესაფრების მშენებლობა ურბანული განვითარების გეგმის „სეულის თავდაცვა 2030“ ნაწილია. სამხრეთ კორეის ხელისუფლება ამას საერთაშორისო არასტაბილურობისა და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე მოსახლეობის დაცვის გაძლიერების საჭიროებით ხსნის.