Loading data...
სეული აცხადებს, რომ სამხრეთ კორეამ და აშშ-მა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობის პირობა დადეს

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩო ჰიუნმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტელეფონით ისაუბრეს. სეულმა განაცხადა, რომ მხარეები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საკითხის გადაჭრაში მჭიდრო კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასა და სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ მოკავშირეებს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობა დაიძაბა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების შემცირების შესახებ განაცხადა. მან შეაქო ბირთვული იარაღის მქონე ჩრდილოეთ კორეა, თუმცა თქვა, რომ სეულმა არ შეუწყო ხელი მის ძალისხმევას ირანის დენუკლეარიზაციის მიმართულებით.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიომ და ჩომ „აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ალიანსის მთელი რიგი საკითხები“ განიხილეს. 

„[აშშ-ის სახელმწიფო] მდივანმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კოორდინაციის შენარჩუნების აუცილებლობას იმ საკითხებზე, რომლებიც ალიანსისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

სააგენტო Yonhap-ის ცნობით, მოლაპარაკებების შესახებ განცხადებაში სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ ახსენა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს თუ არა დიპლომატებმა ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციისადმი ჩვეული ერთგულება, მიუხედავად იმისა, რომ ხაზი გაუსვეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„მინისტრი და სახელმწიფო მდივანი შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ კორეასა და აშშ-ს შორის მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა გაგრძელდება, კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარებისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ამავდროულად, შეინარჩუნებენ მტკიცე, კომბინირებული თავდაცვის პოზიციას“, - ციტირებს Yonhap-ი სამხრეთ კორეის საგარეო უწყების განცხადებას.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ჩო ჰიუნმა ამერიკულ მხარეს განუცხადა, რომ სეული ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ ტრამპის ბოლოდროინდელმა გზავნილმა ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის დიალოგის განახლებას და ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარებას შეუწყოს ხელი.

ამასთან, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ იმუშავებენ „ურთიერთსასარგებლო“ შედეგების მისაღწევად სხვადასხვა გადაუჭრელ საკითხზე, მათ შორის ტარიფებზე, ინვესტიციებსა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობაზე.

ჩომ ხაზი გაუსვა სეულის მთავრობის ვალდებულებას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი გადაადგილების აღდგენის საქმეში და ამავდროულად, აღნიშნა ტრამპისა და აშშ-ის აქტიური ლიდერობის მნიშვნელობა ახლო აღმოსავლეთის საკითხის მოგვარებაში.

სამხრეთ კორეის საგარეო უწყების ცნობითვე, ჩო და რუბიო შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში შეხვედრაზე, რათა სიღრმისეულად განიხილონ ძირითადი, გადაუჭრელი საკითხები.