სერგეი რიაბკოვი: უკრაინის ნატოში „კვაზიწევრობაც“ კი რუსეთისთვის მიუღებელია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინის ნატოში „კვაზიწევრობის“ ნებისმიერი ფორმა მოსკოვისთვის მიუღებელია.
უკრაინისთვის ნატოს დებულებების საფუძველზე უსაფრთხოების გარანტიების მიწოდების შესაძლებლობაზე საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეს რუსეთისთვის ნებისმიერ ფორმატში მიუღებელია.
„მინდა, ვთქვა, რომ კიევისთვის ნატოში „კვაზიწევრობის“ ფორმულისა და ამ სფეროში რაიმე სახის, ბრჭყალებში, შემოქმედებითი გადაწყვეტის ძიებაც კი ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიებს, პირველ რიგში, ჩვენივე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში განვიხილავთ და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა რიაბკოვმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების ფარგლებში, რუსეთი იმის აღიარებას ითხოვს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდება.
„როდესაც ეს მოხდება, ვფიქრობ, უსაფრთხოების გარანტიების საკითხი შეიძლება ასე თუ ისე განიხილებოდეს და ამ სფეროში რაიმე გადაწყვეტილების წინასწარ განსაზღვრის გარეშე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დიალოგს არ გავურბივართ, მაგრამ არა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ დიალოგს. კიდევ ერთხელ, ეს სრულიად მიუღებელია“, - დასძინა რუსმა ოფიციალურმა პირმა.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა მოახერხა მოსკოვის დარწმუნება, განიხილოს კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ნებისმიერი შეთანხმება ნატოს მე-5 მუხლის მსგავს მექანიზმს დაეფუძნება.