Loading data...
სერგეი რიაბკოვი მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობაზე: ამაზე საუბარი არ არის, სანქციების დაწესება გააგრძელონ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღების ფონზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში ევროპელთა მონაწილეობაზე საუბარიც კი არ არის.

რიაბკოვს ჰკითხეს, შეიძლება, თუ არა ევროკავშირის მიერ დაწესებულმა სანქციებმა გავლენა მოახდინოს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მომდევნო, ან რომელიმე მომავალ რაუნდში ევროპელთა პოტენციურ მონაწილეობაზე.

„მოლაპარაკებების რაუნდში ევროპელთა მონაწილეობაზე საერთოდ არ მიმდინარეობს საუბარი. დაე, მათ განაგრძონ სანქციების პაკეტების გამეორება“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს მოსკოვში.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა წინა დღეს განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენელთა ჩასართავად ამჟამინდელი ფორმატით კიდევ ერთი და შესაძლოა, მეტი შეხვედრაც გაიმართოს.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერები აგრძელებენ თავიანთი სურვილის დემონსტრირებას, სტრატეგიული მარცხი მიაყენონ რუსეთს და მასზე ზეწოლა განახორციელონ. ასეთი პოზიციით კი, მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება შეძლონ.