Loading data...
სერგეი ლავროვი: რუსეთი არ დათანხმდება ევროპის მოთხოვნას უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ დათანხმდება ევროპული მხარის მოთხოვნას უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.

ლავროვის თქმით, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ მკაფიო წარმოდგენა ექნება. მან აღნიშნა, რომ პირველ რიგში უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების ჩამოყალიბებაა საჭირო.

„ევროპა კიდევ ერთხელ ცდილობს, კიევის რეჟიმს სამხედრო პოტენციალის აღსადგენად ამოსუნთქვის საშუალება მისცეს, რასაც მოსკოვი არ დათანხმდება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპული მხარე არ დასწრებია უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებს.

„ევროპელები რატომღაც აბუ-დაბიში გაფრინდნენ. ახლა მოუწევთ, სასტუმროში ისხდნენ“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ნოემბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა, რომელშიც უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოლაპარაკებები 11 ნოემბერს განახლდება.